საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან ერთად, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით ქუთაისში დასაქმების ფორუმი გამართა.
ფორუმში მონაწილეობა რეგიონში მოქმედმა სხვადასხვა კომპანიებმა მიიღეს. სამუშაოს მაძიებლებს 30-მდე კომპანიამ 500 – ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, სადაზღვეო, ტურიზმის, სავაჭრო, სააფთიაქო, სამედიცინო, სარესტორნო, საკონდიტრო და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.
სტუმრებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი მიესალმნენ.
ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლებს ადგილზე რეგისტრაციისა და შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.