ოთხდღიან ტრენინგში საქართველოში მოქმედი პროფესიული სასწავლებლებისა და სერვისპროვაიდერი ორგანიზაციების 12 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
მონაწილეები ჰაუსმასტერის (შენობა-ნაგებობის ტექნიკური მენეჯერის) კურსის შინაარსს, მეთოდოლოგიას და გერმანულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახლადშექმნილ ქართულ მოდულების გაეცნენ. თემები მოიცავდა: სახლის მმართველის მოვალეობები, სამშენებლო დეფექტები, უსაფრთხოება, ინსპექტირება, საცხოვრებელი ობიქტების მოვლა და ცვლილებების ანალიზი, მიზნობრივი ჯგუფი და მიდგომები, კომუნიკაცია და კონფლიქტის მართვა.
მოდულები სამშენებლო კოლეჯთან „კონსტრუქტ2“ თანამშრომლობით და გერმანულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) შეიმუშავა.
ტრენინგის ფარგლებში მომზადდა სამი მოდული: უსაფრთხოების სავალდებულო ღონისძიებები უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის-საფრთხეების და რისკების კონტროლი; შენობა-ნაგებობაში არსებული საკომუნიკაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია და დეფექტების აღმოფხვრა; შენობა-ნაგებობის ტექნიკური ექსპლუატაცია და დეფექტების აღმოჩენა. ასევე შეიქმნა პროგრამის გზამკვლევი და საინფორმაციო ბარათები.
პროექტის მიზანია ზრუნვაზე ორიენტირებული ახალი სერვისების მხარდაჭერა და ჰაუსმასტერის (შენობა-ნაგებობათა ტექნიკური მენეჯერი) პროფესიის დანერგვა საქართველოში.
პროექტის სამიზნე ჯგუფები ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან.
პროექტი „ჩემი სახლის მმართველი – მომავლის მშენებლობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის: „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ (CHCA) მიერ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხორციელდება.