“საქართველოს მოხალისე 2020” კონკურსში, საუკეთესო მოხალისის ნომინაციაში – ლიკა ბედინაშვილმა გაიმარჯვა.
17 წლის ლიკა ჭიათურიდანაა და უკვე ორი წელია მოხალისეობრივ აქტივობებში აქტიურადაა ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ის მონაწილეობდა არაერთი სოციალური ხასიათის კამპანიაში, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშემწყობ აქტივობებშიც, ლიკა ყველაზე მეტად გარემოსდაცვით ღინისძიებებში მოხალისედ ჩართვით ამაყობს.
ლიკას აზრით, ჭიათურაში ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემა დეგრადირებული ნიადაგია. ამ გამოწვევის საპასუხოდ მან მონაწილეობა მიიღო ნერგების დარგვის კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, 1500–მდე აკაციის ნერგი დაირგო და მიწის აღგდენის სხვა აქტივობები განხორციელდა.
კონკურსი “საქართველოს მოხალისე 2020” პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში გაიმართა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოხალისეობის პოპულარიზაციას.
პროექტი ხორციელდება “კონრად ადენაუერის ფონდის” (KAS) მიერ, “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან” (CSI), “კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან” (CTC), “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან” (CSRDG) და “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან” (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია “კონრად ადენაუერის ფონდი”.