მზექალა რომანაძე ესეების კონკურსის „მოხალისეობის ისტორია საქართველოში” გამარჯვებულია.
21 წლის მზაქალა, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტია. მას არაერთ მოხალისეობრივ აქტივობაში მიუღია მონაწილეობა. მისი აზრით 13 ივნისის სტიქიით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად და დაზარალებულთა დასახმარებლად ქუჩაში ათასობით მოხალისეს გამოსვლა გარდამტეხი მომენტი იყო მოხალისეობის სამართლებრივი რეგულირების ქართულ საკანონმდებლო სივრცეში; სწორედ აღნიშნული მოვლების შემდგომ, იმავე წელს მოხდა მოხალისეობის შესახებ სპეციალური კანონის შემუშავება და მიღება, რაც, როგორც მზაქალა აღნიშნავს, წინ გადადგმული ნაბიჯია.
მზაქალა თვლის, რომ მოხალისეობის კულტურის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მოხალისეობისადმი უარყოფითი და ამავდროულად მცდარი დამოკიდებულებების აღმოფხვრა, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და მოხალისეობითი საქმიანობის წახალისება.
ესეების კონკურსი “მოხალისეობის ისტორია საქართველოში” პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოხალისეობის პოპულარიზაციას.
პროექტი ხორციელდება “კონრად ადენაუერის ფონდის” (KAS) მიერ, “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან” (CSI), “კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან” (CTC), “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან” (CSRDG) და “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან” (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია “კონრად ადენაუერის ფონდი”.