23 ოქტომბერს, ქალაქ გორში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (EDEC) დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.
დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის ექთნის, ვეტერინარ–ტექნიკოსის, საბავშვო ბაღის აღმზრდელის, სტილისტის, გიდის და მძღოლი გიდის მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამები განხორციელდა. მათში მონაწილეობა ჯამში 66–მა ადამიანმა მიიღო.
სასწავლო პროგრამები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. კურსდამთავრებულებმა 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში გაიარეს.
პროგრამების ფარგლებში EDEC თანამშრომლობდა არაერთ ადგილობრივ კომპანიასთან და სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორისაა: „საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი“, „მეცნიერებათა სკოლა“, პროფესიული კოლეჯი „განთიადი“, „ელიტარული მძღოლების აკადებია“, სამედიცინო ცენტრი „გორმედი“, ვეტერინარული კლინიკები „ფეთ სთორ“ და „მარკო“, ვეტერინარული აფთიაქები – სოფ. მეჯვრისხევში ინდ. მეწარმე თეონა ბეგიაშვილი და ხაშურში შპს „ლუკა“, შპს „ბიუთი არტი“ და სალონები „ეპილუსი“ და „ემ სტუდიო“.
პროგრამის ბენეფიციარებს სერტიფიკატები EDEC–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა გადასცა.
„ჩვენი ორგანიზაცია უკვე 12 წელია, რაც განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების, პრობლემების გადაწყვეტის, მდგრადი მოდელების შექმნის და მათი განხორციელებისა და დანერგვის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს. კონკრეტულად ამ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით და ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან თანამშრომლობით, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე ვმუშაობთ. ტრენინგ–კურსის ეფექტურობას ზრდის დუალური განათლების, ე.წ. სამუშაოზე მიმაგრებული სწავლების მეთოდი. პროექტით დღემდე სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში მცხოვრებმა 200–მდე 16–დან 35 წლის ახალგაზრდამ ისარგებლა,“ – განაცხადა ნათია ნამიჭეიშვილმა.
სასწავლო კურსები პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.