„მოდი, ერთად დავა–LAG–ოთ სვანეთი!“ – ერთ–ერთი მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელმაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ გაიმარჯვა. კამპანია, რომელსაც „ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთში“, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ახორციელებს, მიზნად ისახავს ზემო სვანეთში გარემოს დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას და მოხალისეობრივ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონის 5 ყველაზე დაბინძურებულ ლოკაციაზე, კერძოდ კი მესტიის მუნიციპალიტეტის თემებში: კალაში, იფარში, წვირმში, მულახსა და ნაკრაში საინფორმაციო ბანერებისა და სანაგვე ყუთების განთავსება და მოხალისეობრივი დასუფთავების აქციების მოწყობა სვანეთის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობით. დასუფთავების აქციაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ისეთ საკითხებზე როგორებიცაა გარემოს დაცვა და მისი მნიშვენლობა, გარემოს დაბინძურებით გამოწვეული რისკები, ნარჩენების მართვა და უსაფრთხოება.
იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციას, მოხალისეობის გზით მოქალაქეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდას.
პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).