ცხოველებზე ზრუნვა გურამ ოქრუაშვილის საყვარელი საქმიანობაა, ამიტომაც პროფესიად ვეტერინარობა აირჩია, მუდმივად ცდილობს ცოდნის ამაღლებაზე და საკვალიფიკაციო პროგრამებში აქტიურად ერთვება. 33 წლის ახალგაზრდა ვეტერინარმა დიდი ინტერესით გაიარა ქ. გორში დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ვეტერინარ-ტექნიკოსის კურსი. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ჩაერთო პროგრამაში, რაც პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
გურამი ამჟამად დასაქმებულია ქალაქ გორში ზოომაღაზიაში „Pets Store”. დუალური საგანმანათლებლო კურსის გავლამ, მას მისცა შესაძლებლობა სფეროში არსებული ინოვაციური და თანამედროვე პროფესიული სიახლეების შესახებ მეტი ინფორმაცია და პრაქტიკა მიეღო, რამაც თავის მხრივ კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყო ხელი და წარმატებით დასაქმდა.
გურამს თავადაც ჰყავს ძაღლი და ყველაზე კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია საყვარელი ცხოველების ჯანმრთელობა ადამიანებისთვის. მის პრაქტიკაში რთული პაციენტებიც ჰყოლია და საბედნიეროდ ყველა შემთხვევა სიცოცხლის გამარჯვებით დასრულდა. სირთულეებიც ახლავს ვეტერინარიას, მაგრამ როგორც გურამი ამბობს რთულია ყველაფერი რაც არ იცი. ამიტომაც მისი მთავარი მოწოდება მუდმივი შემეცნება და განვითარებაა. სამომავლოდ გეგმავს ვეტერინარიის სფეროში ქირურგიული მიმართულებით გააღრმაოს ცოდნა.
ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.