17 ივნისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) ეწვია. გერმანელი დიპლომატი ორგანიზაციის გუნდს შეხვდა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გერმანიის სახელმწიფო უწყებებთან და გერმანულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უკვე წლებია, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ამჟამად გერმანულ მხარესთან პარტნიორობით EDEC 5 სხვადასხვა პროექტზე მუშაობს. მათ შორის აღსანიშნავია ქართულ ბაზარზე ახალი პროფეციის – ე.წ. ჰაუზმასტერის დანერგვის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელიც ორგანიზიასთან „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში” (IWO e.V) თანამშრომლობითა და გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
გარდა ამისა, ორგანიზაცია ეკონომიკური განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებების სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, თანამშრომლობს ფრიდრიხ ებერტისა (FES) და კონრად ადენაუერის (KAS) გერმანულ ფონდებთან.
EDEC ასევე თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში). სწორედ მისი მხარდაჭერით, COVID-19 კრიზისის შემდეგ – 2020 წლის სექტემბრიდან ЕDEC-ის მიერ ადმინისტრირებული “შშმ პირთა და ბავშვთა დღის ცენტრებში (ოთხივე ცენტრში) ოპერირება COVID-19 რეგულაციების სრული დაცვით გახდა შესაძლებელი. “რენოვაბისმა” 1 წლის განმავლობაში სრულად დააფინანსა ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ყველა ნივთის შეძენა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, უსაფრთხო გარემოში გაგვეგრძელებინა შშმ ბავშვებისა და პირებისთვის საჭირო სერვისების მიწოდება.
“პური მსოფლიოსთვის” კიდევ ერთი პარტნიორი გერმანული ორგანიზაციაა. მისი მხარდაჭერით EDEC-ის გუნდს ორი არაჩვეულებრივი მოხალისე შეუერთდა. მათი ჩართულობა და პროფესიული კომპეტენციის გაცვლა ორგანიზაციას მნიშვნელოვნად ეხმარება საკუთარი მისიისა და მიზნების მიღწევაში.