2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანს პროექტის განხორციელების პერიოდში, განათლებისა და დასაქმების სფეროში მიღწეული შედეგების საზოგადოებისთვის წარდგენა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, ბიზნეს სუბიექტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიება სამ პანელურ დისკუსიას მოიცავდა. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორც რეგიონების დონეზე დასაქმების ხელშემწყობი სერვისების მდგრადობასა და განვითარების პერსპექტივებზე, პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზრის შესაბამისი პროფესიების დანერგვის მნიშვნელობაზე, ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელებულ დასაქმების წარმატებულ მაგალითებზე.
„პროექტის ფარგლებში, კარიერული ორიენტაციისა და დასაქმების ცენტრების სერვისით ისარგებლეს როგორც ახალგაზრდებმა, ასევე ზრდასრულმა პირებმა. ადგილობრივ თვითმართველობასთან და კერძო სტუქტურებთან დამყარდა ძალიან სერიოზული საქმიანი კავშირები. ამას დასაქმებული ადამიანების რაოდენობა ადასტურებს“ – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში და პროგრამის ოფიცერმა ნინო ყოჩიშვილმა.
ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუსტთან (ICI) ერთად განახორციელა.