2023 წლის 19 დეკემბერს, თელავში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, კახეთის ჰაბთან–”მედია ცენტრი კახეთი” პარტნიორობით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში ახალგაზრდების განვითარების და მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კახეთის ახალგაზრდები, ახალგაზრდული საბჭოების, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიების მიზანია მონაწილეებისთვის სახელმწიფოს 2023-2026 წწ. ახალგაზრდული სტრატეგიის წარდგენა და მის ფარგლებში გაწერილი სამოქმედო გეგმისა და დაგეგმილი აქტივობების გაცნობა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ჯგუფურად იმუშავებენ სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიით გათვალისწინებულ 5 მიზანზე: ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერება; ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება; ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში, ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება და წარადგენენ ამ მიზნების მიღწევისთვის საკუთარ იდეებს.
ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).