ილია ნაცვალაძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2010 წლიდან შემოუერთდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე. 2022 წლის ივლისიდან კი ორგანიზაციაში მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორად აგრძელებს მუშაობას. მის უშუალო პასუხისმგებლობაში შედის მოხალისეობის განვითარების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება, ახალგაზრდული საბჭოების შექმნისა და მუშაობის, მათი განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების კოორდინაცია.
ილიას სამოქალაქო სექტორში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა წლებში კორდინაციას უწევდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვასა და განხორციელებას, მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში“ რეგიონულ კოორდინატორად, ამერიკული კვლევითი კომპანია „GeoWel Research“-ის მკვლევარად; დღემდე გახლავთ საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამების კოორდინატორი დასავლეთ საქართველოში და აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი.
ილიას ტრენერის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და უძღვება საგანმანათლებლო პროგრამებს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო განათლების საკითხებში.
ილია ნაცვალაძემ განათლება აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობით მიიღო და მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი. არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული ტრენინგ–კურსებისა და სასწავლო ვიზიტების მონაწილე ჩეხეთში, პოლონეთში და ლატვიაში. ის აგრეთვე გახლავთ რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი – პროექტების წერის და მართვის, მოხალისეობის, დროის ბანკის, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის, სათემო ადვოკატირებისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის თემებზე.