2023 წლის 15 დეკემბერს, ქ. ახალციხეში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის ჰაბთან- “დემოკრატ მესხთა კავშირი” პარტნიორობით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში ახალგაზრდების განვითარების და მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებისთვის სახელმწიფოს 2023-2026 წწ. ახალგაზრდული სტარატეგიის წარდგენა და მის ფარგლებში გაწერილი სამოქმედო გეგმისა და დაგეგმილი აქტივობების გაცნობა. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავეს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიით გათვალისწინებულ ისეთ თემებზე, როგორებიცაა ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერება; ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება; ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში და ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდები, ახალგაზრდული საბჭოების, მერიის ახალგაზრდული საბჭოს, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვორკშოფის შედეგად გამოკვეთილი იდეები 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაში ასახვისათვის წარედგინება ახალგაზრდობის სააგენტოს.
ვორკშოფი ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).