21 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ვორკშოპი ჩატარდა.
ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ღია დიალოგის წარმართვა, ფორმალური და არაფორმალური მოხალისეობის მაგალითები, კავშირები მოხალისეობას და სამოქალაქო აქტივიზმს შორის, წიგნიერება და მისი როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში – ეს გახლდათ ახალციხეში ორგანიზებული ვორკშოფის ძირითადი საკითხები. შეხვედრას მწერალი გიორგი კეკელიძე უძღვებოდა.
ვორკშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).