განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივმა პროექტმა, ბიზნეს სკოლამ, დღეს, 6 აპრილს, სტარტი აიღო. პროექტის პარტნიორია „ფინკა ბანკი“.
დღეიდან 3 თვის განმავლობაში ქუთაისში მცხოვრებ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ბიზნესის ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი, რესურსების მობილიზება და სამართლებრივი საკითხები.
პირველი ლექცია მოსწავლეებს ქუთაისის უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გოდერძი შანიძემ წაუკითხა. ქუთაისის უნივერსიტეტმა მოსწავლეებს სწავლების პირველ დღეს სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრა.
სააპლიკაციო განაცხადის და გასაუბრების შემდეგ სულ 60 მოსწავლე შეირჩა. 3 თვის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლის გარდა, მოსწავლეები წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათ პროფესიულ რჩევებს მოისმენენ.
ბიზნეს სკოლის საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ 20 ყველაზე წარმატებული და ბიზნესის მართვის გამორჩეული უნარების მქონე მოსწავლე ჩაერთვება კონკურსში, სადაც პროფესიონალი მენტორების დახმარებით რეალურ ბიზნეს ქეისებში მიიღებენ მონაწილეობას და კონკრეტულ ამოცანებს შეასრულებენ.