„ჩვენი პროექტის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მედიამხარდაჭერა და გაძლიერებაა. კერძოდ, ჩვენი აქტივობებით ვცდილობთ, რომ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული მედიაგარემოს შევქმათ“ – გვანცა დოლუაშვილი, “მოზაიკას” ხელმძღვანელი
პროექტი „ადგილობრივი მედია ახალგაზრდების მხარდასაჭერად“ სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომელსაც გორის სათემო რადიო „მოზაიკა“ ახორციელებს. გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი და მზაობა, საკუთარი აქტიურობით, ხელი შეუწყონ საკუთარ თემში არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლას, თუმცა ამ ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ მედიაში და შესაბამისად, მუნიციპალიტეტშიც სათანადოდ არ ისმის – ნაკლებად შუქდება მათი საჭიროებები, იშვიათად ეძლევათ ახალგაზრდებს მედიის დახმარებით საკუთარი იდეების გავრცელების, ახალი თანამოაზრეების, მხარდამჭერების პოვნის საშუალება და ხშირად, ახალგაზრდები მოკლებულნი არიან საკუთარ საჭიროებებზე მედიადვოკატირების კამპანიების წარმართვის შესაძლებლობას. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ, მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხების ადგილობრივი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმა დარჩენას იწვევს. სწორედ ამ ვითარების შეცვლის სურვილით გადავწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობა.
პროექტის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტში განვითარდება მედია, რომელიც საკუთარი სარედაქციო პოლიტიკით ახალგაზრდების და მათთან მომუშავე ჯგუფების/ორგანიზაციების ინტერესებს უპასუხებს – “მოზაიკა” თავს მოუყრის ინფორმაციებს როგორც ახალგაზრდების პრობლემების, ისე მათ მოსაგვარებლად დაგეგმილი აქტივობების და ხედვების შესახებ.
იმ ახალგაზრდებისვის, რომლებსაც აქვთ სურვილი და მზაობა, საკუთარი აქტიურობით, ხელი შეუწყონ საკუთარ თემში არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლას, “მოზაიკა” იქცევა ხელმისაწვდომ პლატფორმად, საიდანაც საკუთარი იდეების და მოთხოვნების გაჟღერებას, უფრო ფართო აუდიტორიაზე წვდომას და ახალი თანამოაზრეების თუ მხარდამჭერების პოვნას შეძლებენ.
გარდა ამისა, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ჯგუფებისთვის “მოზაიკა” იქცევა დახმარე რგოლად სამიზნე ჯგუფებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. ახალგაზრდული პრობლემების და საჭიროებების მუდმივი გაშუქება საკუთარი მუშაობის და პრიორიტეტების განსაზღვრაში დაეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებასაც.
მთლიანობაში კი, პროექტის განხორციელების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მხარდამჭერი მედია გარემო შეიქმნება, რაც ახალგაზრდების განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.