,,მნიშვნელოვნია სათემო აქტივიზმის და მოხალისეობის, არადომინანტი და დომინანტი ჯგუფების წარმომადგენელი მოსწავლეებისა და ახალგაზრდების თანამშრომლობა, სკოლასა და თემთან მათი მიკუთვნებულობის გრძნობის გაძლიერებისთვის“
ლია ქადაგიძე – მასწავლებელი, ,,ჟურნალისტთა კლუბის“ ხელმძღვანელი
ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებით ხშირად შევხვედრივარ არადომინანტი ჯგუფების სოციალური ინკლუზიისა და მოსწავლეებში ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების გაზიარების,-როგორც კომპეტენციის დეფიციტს. არსებული პრობლემა აქტუალურია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და მასში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ეთნიკურად არაქართველი ბავშვების სასწავლო პროცესში მონაწილეობის მაჩვენებელი დაბალია. ასევე, ისინი ფაქტობრივად არ მონაწილეობენ არაფორმალურ, მოხალისეობრივ საქმიანობაში, არ ერთვებიან მუნიციპალურ ღონისძიებებში.
აღნიშნული პროექტის მუშაობის ფარგლებში გადავწყვიტეთ, შეგვერჩია ისეთი ინიციატივა, რომელიც ერთი მხრივ სასარგებლო იქნებოდა თემისთვის და ასევე დაძლევადი მოსწავლეებისათვის.
ჩვენი მიზანია, დედოფლისწყაროში არადომინანტი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების, ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა და ტოლერანტობის კომპეტენციის განვითარებით თემში მოხალისეების პრაქტიკის გაძლიერება.
კონკურსში გამარჯვება არის მოტივაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ პროექტის განხორციელებას, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული მიდგომით შევძლებთ გარდა ტოლერანტობისა და თანამშრომლობაზე საუბრისა და მოწოდებისა, ბავშვებმა და ახალგაზრდებმა ერთმანეთთან და თემთან ურთიერთობისას პრაქტიკაში განიმტკიცონ კულტურული მგრძნობელობის, არადისკრიმიანციული ენის გამოყენებას და ასერტული კომუნიკაციის უნარები.