„როგორც გარემოსდაცვითი კლუბი ‘’მაი’’-ს ხელმძღვანელი ვთვლი, რომ ცვლილებების დაწყება მნიშვნელოვან შედეგს იძლევა ბავშვობის ასაკში. ნარჩნების მართვა ერთ-ერთი ასეთი საკითხია, რომლებსაც შვილები ასწავლიან მშობლებს“
ანჟელა ბოლქვაძე-გარემოსდაცვითი კლუბი ‘’მაი’’-ს ხელმძღვანელი
2017 წელს შეიქმნა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბი „მაი“. ამავე წელს კლუბი ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაცია CENN -ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ განახორციელა 150-ზე მეტი აქტივობა გარემოს მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესაბამისად და გახდა ერთ-ერთი გამარჯვებული. ეკოკლუბმა იმოგზაურა ავსტრიაში. 2019 წელს იმავე კონკურსის ფარგლებში გახდა ქვემო ქართლის ჩემპიონი. 2021 წელს მიიღო პრიზი მდგრადი მიზნების განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის.
2017-2023 წლებში ეკოკლუბის არაერთი პროექტი დააფინანსა „ევროპის ფონდმა“. ეკოკლუბი, ასევე, გახდა მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული „ახალგაზრდული იდეები“ კონკურსის გამარჯვებული რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს კინოკლუბი. გარემოსდამცველები 2-ჯერ გახდნენ ფონდ „ტასოს“ რჩეულები. მეწარმე ქალებთან ერთად მოიპოვეს 8000 ლარიანი დაფინანსება და შექმნეს ღია სცენა სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.
რუსთავის ინოვაციური ჰაბის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ კლუბის წევრებმა სოფელში დადგეს ატრაქციონი. ეკოკლუბმა გაიმარჯვა მაკულატურის კონკურსში და მიტოვებულ შენობაში გახსნა ბიბლიოთეკა.
კლუბის ინიციატივით სოფელ მარადისში ყოველწლიურად იმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაციები და მეგობარი სკოლები ესწრებიან. შემოსული თანხით მოსწავლეები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებიან.
ეკოკლუბი სულ ახლახან გახდა კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ გამარჯვებული.კლუბმა დეკორატიული მცენარეების ასოციაციასთან თანამშრომლობით დარგო და უვლის 400-ზე მეტ მცენარეს. მოსწავლეებმა სხვადასხვა პროექტით 40 000 ათას ლარზე მეტი მოიპოვეს 7 წლის განმავლობაში და შეცვალეს მარადისელთა ცხოვრება უკეთესობისკენ.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ გამოცხადებულმა კონკურსმა საშუალება მოგვცა თემისთვის კიდევ უფრო მეტი სასარგებლო აქტივობა განვახორციელოთ. პროექტის „გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვაში“ ფარგლებში სოფლის მოსახლეობა გააანალიზებს ნარჩნების მართვის მნიშვნელობას, ისწავლის ნარჩნების სეპარაციას, ორგანული ნარჩნებისგან კომპოსტის დამზადებას და სოფლის მეურნეობაში გამოყენებას. ყველაზე დიდი სიახლე ტოტების დამქუცმაცებელია, რომლითაც ნასხლავ ტოტებს დააქუცმაცებენ კომპოსტირებისთვის და აგრეთვე დაამზადებენ მულჩს, რომლითაც ეზოებს გაალამაზებენ.