ქუთაისის ი.გოგებაშვილის პირველი საავტორო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ელისაბედ გოშხეთელიანი, EDEC-ის მიერ შექმნილი ონლაინ სწავლების პლატფორმის elearning.edec.ge პირველი კურსდამთავრებულია, რომელმაც წარმატებით გაიარა ონლაინ კურსი „ყველაფერი მოხალისეობის შესახებ“.
„მოხალისეობა არის შესაძლებლობა, ჩემი დრო და უნარ-ჩვევები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად გამოვიყენო. საკუთარი დროის მცირე ნაწილის დათმობით, შემიძლია იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. გარდა სხვების დახმარებისა, მოხალისეობა მაძლევს შესაძლებლობას მივიღო ღირებული გამოცდილება და დავაგროვო ცოდნა. სწავლის პარალელურად, ორგანიზაციის “გაავრცელე სითბო ქუთაისი” აქტიური წევრი ვარ და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვმონაწილეობ ისეთ მოხალისეობრივ აქტივობებში, როგორებიც არის ქუთაისის ბავშვთა სახლის და მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარების დასახმარებლად განხორციელებული ღონისძიებები. სხვებზე ზრუნვა ხომ მოხალისეობრივი ტრადიციის მთავარი ფასეულობაა.
ვინაიდან მოხალისეობა ჩემი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა, მუდმივად ვეძებ გზებს მეტი გავიგო ამ საქმიანობაზე, რათა შევძლო ვაკეთო საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე. შესაბამისად, როცა ონლაინ პლატფორმის elearning.edec.ge შესახებ გავიგე, დავინტერესდი და შევავსე აპლიკაცია. ჩემთვის ეს იყო შესაძლებლობა ნებისმიერ დროს და ადგილზე მომესმინა ლექციებისთვის. კურსმა, კიდევ სხვა კუთხით დამანახა მოხალისეობრივი საქმიანობა. ვფიქრობ რომ სწავლების ეს ფორმა აბსოლუტურად მორგებულია ადამიანებზე, რომლებსაც სურთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ისწავლონ და ნასწავლი პრაქტიკაში გამოიყენონ“.