განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ზესტაფონში საჭიროებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა. მომხსენებლებმა გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს.
მონაწილეებს პროექტსა და დისკუსიის თემა ლიკა კილაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ წარუდგინა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე მიესალმა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ სერვისებზე – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, მარინა სუქნიძემ ისაუბრა.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების კოორდინატორმა სოფიო კუპატაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე დაფუძნებული სერვისები წარადგინა.
მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.