ზუგდიდში ფარმაცევტის თანაშემწის მომზადება-გადამზადების კურსის მონაწილეები სასწავლო პროგრამის თეორიულ ნაწილს ონლაინ გადიან.
დისტანციური სწავლების პროცესს პროფესიული კოლეჯი, „ზუგდიდის აკადემია“ უძღვება. პრაქტიკული სწავლება და ანაზღაურებადი სამთვიანი სტაჟირება კი Covid-19-ით გამოწვეული მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ დაიწყება.
პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის უნარ–ჩვევებსა და ცოდნას შესძენს, რაც მათ კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.
პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.