5 მაისს, თბილისის რიყის პარკში ევროპის დღე აღნიშნეს. ერთი დღით თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობები ჩატარდა.
სტუმრებს შეეძლოთ ევროკავშირის 20 წევრი სახელმწიფოს სტენდებთან გაცნობოდნენ, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი და ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ევროპის დღეზე ორმრივი მოხალისეობის პლატფორმა „დროის ბანკი“ წარადგინა. „დროის ბანკი“ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანი მოხალისეობის პოპულარიზაციაა.
ევროპის დღეს ყოველწლიურად 9 მაისს ზეიმობენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის აღსანიშნავად. მან ევროპაში ახალი ფორმის პოლიტიკური თანამშრომლობის იდეა წამოაყენა, რომელსაც ევროპის ქვეყნებს შორის ომი შეუძლებლად უნდა ექცია და მათ ქვანახშირისა და ფოლადის რეზერვების გაზიარება სთხოვა. ამ იდეამ დასაბამი მისცა ევროპის კავშირის შექმნას, რომელიც 28 ქვეყანას და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს 60-წლიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებში.
წლევანდელი ევროპის დღე გაიმართა დევიზით „ერთად უფრო ძლიერი ვართ“, რათა ხაზი გაესვას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობებს.
2019 წელს ორმაგი იუბილე აღინიშნება – აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 5 წლისთავი.