5 ოქტომბერს მსოფლიო მასწავლებლის დღეს აღნიშნავს.
პედაგოგებო, გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ წარმატებებს, ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას, ღირსეული მომავალი თაობების აღზრდას და იმ შრომის დაფასებას, რასაც მომავალი თაობებისთვის აკეთებთ.
თითოეულ ჩვენგანს ჰყავს მასწავლებელი, რომელმაც თავი დაამახსოვრა და მისი ცხოვრებაც, გარკვეულწილად, შეცვალა.
ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილისთვის ასეთი იყო მისი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:
“მე მყავდა, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესი მასწავლებელი, ისეთი, როგორის წარმოდგენაც კი, ალბათ, არ შეიძლება. ეს იყო ქალბატონი ნანა ღლონტი, რომელიც მაღალ კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა. ის იყო აბსოლუტურად გამორჩეული ფიგურა, ულამაზესი და რთული ბედის ქალი, რომელიც იმ პერიოდში არ ემორჩილებოდა საბჭოთა კავშირის წესებს. მას შეეძლო, რომ მასალა, რომელიც არ მოსწონდა, საერთოდ არ აეხნა. მაგალითად, ეგნატე ნინოშვილზე შეიძლება არ დაეხარჯა დრო და ის საათები გალაკტიონისთვის ეჩუქებია. ამის გაკეთება ეკრძალებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ებძოდნენ, მაინც ახერხებდა და თავს ინარჩუნებდა. ჰქონდა უმაღლესი ცოდნა, თბილი და ახლო დამოკიდებულება ბავშვებთან და ისეთ ესთეტიკურ გაკვეთილებს ატარებდა, რომლის მსგავსიც მე არავისგან გამიგია… ნანა მასწავლებელიმა უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, ჩემს პროფესიულ არჩევანზე და ჩემს ცხოვრებაზეც”.