2023 წლის 18 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამბროლაურის კულტურის ცენტრში, მოსახლეობასთან საანგარიშგებო შეხვედრა გამართა, სადაც ამბროლაურის მერიის ადმინისტრაციის და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელებმა ირმა ფრუიძემ და ბეჟან კობახიძემ მოსახლეობას 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტები გააცვნეს, რომლის შემუშავებასაც წინ უძღვოდა მოსახლეობის ფორუმის (დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელი) მოწყობა მუნიციპალიტეტის 100-ზე მეტი მცხოვრების მონაწილეობით.
ფორუმზე მოსახლეობამ შეაფასა მიმდინარე წლის ბიუჯეტი, იმსჯელა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, მოამზადა იდეეები და წარადგინა რეკომენდაციები მომავალი წლის ბიუჯეტისთვის. საერთო ჯამში 45 იდეა იქნა რეკომენდაციის სახით შეთავაზებული ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. იდეები ეხებოდა ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ხელოვნების, განათლების, სოფლის მეურნეობის განვითარების, ტურიზმის განვითარებისა და მეწარმეობის, გარემოს დაცვის, თავდაცვის, სოციალური საკითხების, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროების განვითარებას.
მოსახლეობის მიერ წარდგენილი 45 იდეიდან ყველა მათგანი ნაწილობრივ ან სრულად იქნა გათვალისწინებული 2024 წლის ბიუჯეტში. საანგარიშგებო შეხვედრაზე მოწვეული იყო ყველა ის პირი, ვინც მოსახლეობის ფორუმში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ასევე მიეწოდათ მუნიციპალიტეტის სხვა მაცხოვრებლებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ ფორუმს, მაგრამ დაინტერესებულნი იყვნენ მომავალი წლის ბიუჯეტის გაცნობით. შეხვედრას ჰქონდა პრეზენტაციის და შემდგომში დისკუსიის ფორმატი. მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა პირისპირ ესაუბრა, განიხილა და მოისმინა გადაწყვეტილების მიმღები პირებისაგან სამომავლო გეგმები და არგუმენტები მათ მიერ დაგეგმილი პრიორიტეტების და დამტკიცებული ბიუჯეტის შესახებ.
ღონისძიების ორგანიზებაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი უწევს პროექტის: „მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით“ ფარგლებში. პროექტი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.