განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), სპეციალურად შერჩეული ოცი საგანმანათლებლონ დაწესებულების წარმომადგენლისთვის, ტრენერთა ტრენინგი გამართა, რომლის მიზანი იყო საქართველოში პირველი მოხალისეობის ციფრული ვებ–პლატფორმის www.volunteer.ge პოპულარიზაცია, დაინტერესებული პირების ვოლუნტერის სისტემაში ჩართვა და მათ მიერ პლატფორმის გამოყენებით მოხალისეობრივი ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა.
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ პლატფორმის www.volunteer.ge მიზნებსა და მოხმარების წესებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავიანთ რეგიონებში, მოსწავლეებთან ერთად განახორციელონ სხვადასხვა მოხალისეობრივი აქტივობა და ხელი შეუწყონ პლატფორმის ცნობადობის გაზრდას. ტრენინგს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ნამიჭეიშვილი და ვებ ადმინისტრატორი, ნატა კაპატაძე უძღვებოდნენ.
ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).