„კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, პატიოსნება და ერთგულება ის თვისებებია რომლებიც წარმატების მიღწევაში გვეხმარება“
ილია ცხვარაძე, ამჟამად ქუთაისში, კარფურში, მიმღებ დეპარტამენტში ჩეკერად მუშაობს.
საბანკო სექტორში ოქროს ლომბარდის შემფასებელად მუშაობის გამოცდილება მქონდა, თუმცა მსურდა სხვა სფეროში მეცადა ბედი და შედარებით მეტი ანაზღაურება მქონოდა. ამიტომ დასაქმების ცენტრში მისვლა გადავწყვიტე. დასაქმების კონსულტანტთან გავიარე გასაუბრება. შედგა ჩემ უნარებსა და ინტერესებზე მორგებული ინდივიდუალური სამუშაო გეგმა, რის შედეგად გამოიკვეთა კარიერული ორიენტაციის ტრენინგის გავლის საჭიროება. მონაწილეობა მივიღე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში. ფორუმზე, რამდენიმე დამსაქმებელს გავესაუბრე, თუმცა, ვერც ერთ ვაკანსიას რიგი მიზეზების გამო ვერ მოვერგე. სამტრედიაში ვცხოვრობ და ქუთაისში დასაქმება ტრანსპორტირების ხარჯებთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად მჭირდებოდა სამუშაო სადაც ანაზღაურება შესაბამისი იქნებოდა ჩემზე მორგებული გრაფიკით. დასაქმების ფორუმის შემდეგ გავაგრძელე დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობა იმ რწმენით რომ ჩემთვის შესაფერისი სამსახური აუცილებლად გამოჩნდებოდა. დასაქმების კონსულტანტები აგრძელებდნენ ჩემთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს და მიზიარებდნენ ინფორმაციას მოქმედი ვაკანსიების შესახებ. კარფურის მიერ გამოცხადებული ვაკანსიით დავინტერესდი და საწყობის მიმღებ დეპარტამენტში ჩეკერად ვრეფერირდი. წარმატებული გასაუბრებისა და ცენტრის კონსულტანტების რეკომენდაციის საფუძველზე დავსაქმდი. კომპანიას კარგი პირობები აქვს, მაქვს ნორმალური ანაზღაურება, კარგი დაზღვევა და მოქნილი გრაფიკი. დაკისრებულ მოვალეობებს, ვფიქრობ, ამ ეტაპზე თავს საკმაოდ კარგად ვართმევ და იმედი მაქვს რომ მომავალში უფრო წარმატებით გავუმკლავდები.
ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპები ერთგულება, შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება და პატიოსნებაა. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, ვთვლი რომ ეს თვისებები კარიერაშიც მეხმარება. სადაც უნდა ვიყო, რასაც უნდა ვაკეთებდე დიდ ენთუზიაზმსა და შრომას ვდებ. საქმის მიმართ ასეთი დამოკიდებულებები ცხოვრებაში ძალიან მეხმარება.