„პროექტის განხორციელებით კიდევ უფრო გააქტიურდება არაფორმალური განათლება სკოლასა და თემში. მოსწავლეები, გარემოსდაცვით საკითხებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მოხალისეობრივად გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს.“
ინგა მოსიძე. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი
სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები თემისა და სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე საინტერესო მცირე საგრანტო პროექტებსა და ინიციატივებს ახორციელებენ. ეს პროექტები ეხმარება მათ პროფორიენტაციაში, ინკლუზიური საზოგადოების გაძლიერებაში, პიროვნულ განვითარებასა და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაში.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის იდეა მოსწავლეების ინტერესმა გარემოსდაცვითი საკითხებისადმი გააჩინა.
მოსწავლეებს რეგიონში არსებულ გარემოსდაცვით საკითხებზე მცირე თეორიული ცოდნა გააჩნიათ, არ იციან რა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევები არსებობს და რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ დარღვევის შემთხვევაში. ფიქრობენ რომ მხოლოდ საინფორმაციო შეხვედრებით სამართლებრივი პასუხისმგებლობის გააზრება ნაკლებად არის შესაძლებელი. პროექტის იდეაც აქედან გაჩნდა. მათ პრაქტიკული აქტივობებით, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის გააზრება სურდათ, ასევე, დიდი სურვილი ჰქონდათ საკუთარი მოხალისეობით წვლილის შეტანათ გარემოსდაცვით საქმიანობაში.
პროექტი, ხელვაჩაურის მაგისტრატ სასამართლოში გარემოსდაცვით საკითხზე იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას ითვალისწინებს. მოწვეული ექსპერტი სკოლის მოსწავლეებს გააცნობს გარემოსდაცვით სამართლებრივ რეგულაციებსა და იმიტირებული სასამართლო პროცესის გამართვის წესებს, ასევე, ისაუბრებს მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობაზე და მოხალისეობის ციფრულ პლატფორმაზე www.volunteer.ge. პროექტის ფარგლებში მოეწყობა დასუფთავების აქცია. მოსწავლეები პროექტში მიღებულ ცოდნას მოხალისეობრივად რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაუზიარებენ.