თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევაა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა. ახალგაზრდები კი მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ ღირებულებებისა და თემის განვითარების პროცესში. თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ მათი ჩართულობა ამ მხრივ დაბალია, მოტივაცია დაქვეითებული. ახალგაზრდები ნაკლებად ინფორმირებულები არიან მიმდინარე პროცესების შესახებ. ეს მიდგომა კი აზარალებს თემს.
თემის განვითარება სკოლიდან იწყება. ვფიქრობ, საუკეთესო კონსტიტუციებსა და კანონებსაც არ შეუძლიათ უზრუნველყონ დემოკრატიის მდგრადი განვითარება, ისე, როგორც ეს სკოლას ხელეწიფება. მასწავლებლის პროფესიულმა პრაქტიკამ მაჩვენა, რომ საჭიროა მოსწავლეთა შეხედულებებისა და ინიციატივების წახალისება. ამიტომ გადავწყვიტეთ სასკოლო საზოგადოების გაძლიერება დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერი პროცესების წახალისებისა და სკოლის როლის გაზრდის გზით. პროექტში ,,ახალგაზრდების მზაობა თემის განვითარებისათვის“ ჩავრთეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი პრიორიტეტული სკოლა: ასკანა, მთისპირი და ცხემლისხიდი, რომლებთანაც გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები და შევქმენით დემოკრატიული კლუბები, შევიმუშავეთ სილაბუსი. ის განკუთვნილია სკოლებისა და არაფორმალურ დაწესებულებებში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლებისათვის.
კლუბის მონაწილეები პროექტის საშუალებით თეორიულ ცოდნას გარდაქმნიან პრაქტიკულ საქმიანობად, დაგეგმავენ და განახორციელებენ სასკოლო პროექტებს, გამოიმუშავებენ საჭირო უნარებს, სურვილისამებრ ჩაერთვებიან სასკოლო სამოქალაქო კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, შექმნიან ხელსაყრელ გარემოს, გამოიჩინონ ინიციატივა და აიღონ პასუხისმგებლობა თემში არსებული პრობლემების მოგვარებაზე.