განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით 27 დეკემბერს ქ. თბილისში გამართულ შეხვედრაზე „სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლაში ეფექტური ტრანზიციის დამხმარე სახელმძღვანელოს“ განხილვა მოეწყო.
შეხვედრას სკოლების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ალტერნატიული სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სპეც. პედაგოგები და ფსიქოლოგები ესწრებოდნენ.
სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ წარმომადგენელმა და ექსპერტმა მარიამ ხვადაგიანმა წარადგინა.
შეხვედრაზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმძღვანელოს დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დამხმარე სახელმძღვანელო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ პარტნიორობით შეიქმნა. სახელმძღვანელოს ბეჭდური ან ელექტრონული ვერსია მიეწოდება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ალტერნატიული სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციასა და 2331 სკოლას, ბაღების გაერთიანებებს, სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
სამუშაო შეხვედრა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ პროექტის „განათლების თანაბარი შესაძლებლობები შშმ ბავშვებისათვის–გაზრდილი ხელმისაწვდომობა და ხარისხი!“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.