ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ აჭარის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც სტაჟირების პროგრამები და ვაკანტური ადგილები წარმოადგინეს.
ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი შესაძლებლობების ადეკვატური შეთავაზებები ეპოვათ, პირისპირ შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და მაქსიმალურად წარმოეჩინათ საკუთარი უნარები.
ფორუმზე 20 კომპანია იყო რეგისტრირებული. მათ შორის: „მაკდონალდსი”, სამკერვალო კომპანია „ტექსტილი”, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი”, სასტუმრო „ბაგრატი 1003”, „კრედო”, „გორგია’’, „ლევანტო”, შპს „თელგი”, ლიბერთი ბანკი და სხვა.
ფორუმს ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგატები, ბათუმის მერიისა და აჭარის ა/რ-ის მთავრობის წარმომადგენლები.
ფორუმი ორგანიზებული იყო პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება” (EEAL) ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტთან “ოტავა–98”ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.