ჰამბურგში ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტი დასრულდა. პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) , საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის (CHCA) კოლეჯების ,,ბლექსი’’ ,,ახალი ტალღა’’, ,,კონსტრუქტ2’’ და სამშენებლო კომპანია ,,ანაგის’’ წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ჰამბურგში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელად საქართველოში დუალური განათლების მოდელის დანერგვის ხელშეწყობასა და განვითარებაზე, განესაზღვრათ მომავალი აქტივობები, გაცნობოდნენ ამ სფეროში არსებულ ინოვაციურ მიდგომებსა; მოენახულებინათ დუალური სატრენინგო ცენტრი, პროფესიული სასწავლებლები, სავაჭრო პალატა, კამპუსები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.
სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული გახლდათ ჰანზას პარლამენტისა და „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V) მიერ.
პროექტი „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ხორციელდება „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ (EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და ე.წ. ,,ჰაუსმასტერის“ პროფესიის დანერგვას საქართველოში.