12 აგვისტოს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, ქუთაისის მერიის ინიციატივით გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმს ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ახალგარდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვატო ბაკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმზე EDEC-ის გამგეობის თამვჯდომარემ ლიკა კილაძემ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტების ფარგლებში, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული აქტივობების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და ფორუმში მონაწილე ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.
“ახალგაზრდები ის ბირთვია, რომელთა განათლებასა და განვითარებაზე ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საინტერესო ინოვაციური პროგრამები, რომლებიც მათ დაეხმარება უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ და ადვილად დაიმკვიდრონ თავი საზოგადოებაში, ” – აღნიშნა ლიკა კილაძემ.
„დღეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება და გადავწყვიტე, ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად შევხვედროდი ამ დღეს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ეს დღე ყველა ახალგაზრდას და განსაკუთრებულად ჩვენს თანაქალაქელებს. ახალგაზრდული ფორუმი ჩავატარეთ, სადაც ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებიც ქუთაისის თვითმმართველობის მიერ იქნა დაფინანსებული. ეს პროექტები ყოველწლიურად ხორციელდება და უკვე ბევრმა ქუთაისელმა ახალგაზრდამ მიიღო დაფინანსება.
ვისაუბრეთ სამომავლო ინიციატივებზეც. მინდა, კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ახალი პროექტები შემოიტანონ. ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელზეც არის ორიენტირებული ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ და მათთან ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე, “- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ იქნა ორგანიზებული.