დღეს საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრს “იალონი” “როტარი კლუბი თბილისი ამბასადორი”-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს და ანიმატორების პერფორმანსით გაამხიარულეს.
ცენტრის ბენეფიციარები აქტიურად ჩაერთვნენ პერფორმანსში და მათთან ერთად შეასრულეს თეატრალური და მუსიკალური ნომრები. მსგავს კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციას და დადებითად აისახება მათ განწყობაზე.
“როტარი კლუბი თბილისი ამბასადორი” დღის ცენტრის ხშირი სტუმარი და დიდი ხნის მეგობარია. კლუბის დახმარებით და ჩართულობით დღის ცენტრში არაერთი ღონისძიება და აქტივობა განხორციელებულა.
რეგულაციების სრული დაცვით დღის ცენტრების ოპერირების შესაძლებლობა ორგანიზაცია „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოგვეცა.