შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „ჯადოსნური სამყარო” მაკდონალდსის სოციალურ კამპანიაში „უფრო ახლოს, უფრო მარტივად!” ჩაერთო.
კამპანიის ფარგლებში, რომელსაც სააგენტო „ბეთერფლაი” ახორციელებს, დღის ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით მრავალი აქტივობა დაიგეგმა. სააგენტოს წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში დღის ცენტრის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცნენ და ბავშვებთან ერთად აწყობდნენ შემეცნებით, მუსიკალურ და სახელოვნებო აქტივობებს, ფილმის ჩვენებებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს.
ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მხატვრული ნამუშევრები შექმნეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი “ბეთერფლაიმ” რუსთაველის გამზირზე, ზურაბ კუხიანიძის ძეგლის მიმდებარედ მდგარი შენობის კედელზე გადაიტანა და ბელას, ბერდიას, ბაქარისა და ასადის მიერ ქაღალდზე დახატული ნამუშევარი უზარმაზარ, შთამბეჭდავ კედლის მოხატულობად აქცია.
კამპანიას მაკდონალდსი საქართველოს ხუთ ქალაქში მართავს და მის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.