ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი“მინერალური წყალი – ხოფური” განახორციელა.
პროექტის მიზანს სოფელში არსებული მინერალური წყლის გამოკვლევა, პოპულარიზაცია და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენდა.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მისასვლელი გზა, სადაც განთავსდა საინფორმაციო ბანერი. ასევე დაიდგა მოსასვენებელი ძელსკამები და გაიწმინდა წყლის რეზერვუარი.
“ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, თუ როგორ გვარდება მოსწავლეთა მიერ ინიცირებული პრობლემა. ადგილობრივი ხელისუფლება ყველა იმ დანაპირებს ასრულებს, რაც მოსწავლეებს პროექტის განხორციელებისას მისცეს. დღეს ხოფურის მინერალური წყალი უკვე არის ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი.“ – ამბობს შორენა ქურასბედიანი, ხოფურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
სამოქალაქო განათლების პროგრამას “მომავლის თაობა“ ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამას იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.