გერმანიაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხუთ ქვეყანაში ხორციელდება, პროექტში ჩართული მხარეების მონაწილეობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ვიზიტის მონაწილე დელეგაციები გაეცნენ საბინაო სფეროს გერმანულ კანონმდებლობასა და მართვის გამოცდილებას. ისინი ადგილზე შეხვდნენ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თანასაკუთრებაში არსებულ ასეულობით საცხოვრებელს მართავენ. დელეგაციის წევრები უშუალოდ სტუმრობდნენ ადგილობრივ ამხანაგობებს, დაათვალიერეს მზის ენერგიის პანელებით აღჭურვილი, ენერგოეფექტური და სრულად ადაპტირებული კორპუსები.
პროექტი „გზად რეფორმებისკენ საბინაო სექტორში: დამწყები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ხორციელდება გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში” (IWO) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ქუთაისში პროექტს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან (LDA Georgia) პარტნიორობით ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.