როგორ იქცა ორი მეგობრის
იდეა ბიზნეს-საქმიანობად
მარიამ წიქარიძე და ნინო მაზმიშვილი გორში შემოქმედებითი სამეწარმეო საქმიანობის ინოვაციური პლატფორმა - „კრეატორიუმის“ დამფუძნებლები არიან. ახალგაზრდა მეგობრებმა სამეწარმეო სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენეს და დღეს უკვე არტსალონ “კრეატორიუმს” 4 ნიჭიერი წევრი ჰყავს. ახალგაზრდები მუდმივად ცდილობენ აითვისონ სხვადასხვა შემოქმედებითი ტექნიკები და მომხმარებელს ახალი პროდუქცია შესთავაზონ.
18 წლის წარმატებული მზარეული
ნიკოლოზ შუბითიძე წარმატებული ახალგაზრდა მზარეულია. მან დაასრულა მზარეულის დუალური პროფესიული განათლების 6 თვიანი სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას. ნიკოლოზი დღეს დასაქმებულია კურორტში „მწერლები“. მას ძალიან მოსწონს საკუთარი საქმე, მუდმივად ცდილობს დახვეწოს კერძების მომზადების ტექნოლოგია და პროფესიულად განვითარდეს.
სამეწარმეო სკოლაში
განვითარებული ბიზნესგეგმა
სოფო ნოზაძემ სამეწარმეო სკოლაში მიღებული ცოდნისა და მენტორინგის საშუალებით გორში ბურგერბარი “ფოშ” გახსნა.
სოფომ სამეწარმეო სკოლის გუნდის კონსულტაციებით განავითარა „ფოშ ბარის“ ბიზნესგეგმა. დამწყები მეწარმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, გამოცდილ მენტორთან დაკავშირება იყო, რომელიც მენიუს შექმნაში დაეხმარა და დასამზადებელი პროდუქციის რეცეპტები გაუზიარა. დღეს “ფოშბარი” გორში ერთ-ერთი ინოვაციური სწრაფი კვების ობიექტია, რომელიც მომხმარებელს მუდამ სიახლეებით ანებივრებს.
ახალი კარიერული შესაძლებლობა
ნატო ხაზარაძე, ხუთი შვილის დედა, პროფესიით ექიმ–სტომატოლოგია. შვილების გამო სამსახურზე უარის თქმა მოუწია, თუმცა ნატოსთვის ფარმაცევტის თანაშემწის პროგრამაში მონაწილეობა ახალი შესაძლებლობა გახდა. ის პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული ბენეფიციარია და დღეს ზუგდიდშია დასაქმებული.
მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა ნატოსთვის მოტივაცია აღმოჩნდა, რომ საფუძვლიანად შეესწავლა ფარმაცევტის პროფესია. ნატო ამჟამად ფარმაციის სახელმწიფო პროფესიულ პროგრამაზე აგრძლებს სწავლას.
დიასახლისობიდან
მეწარმეობამდე
იზა სარქისიანმა სამეწარმეო სკოლის დახმარებით საყვარელი ნუგბარი - ჩირი, წარმოების პროდუქტად აქცია და „ჩემი ჩირის“ სახელწოდებით მისი დაგემოვნების შესაძლებლობა სხვა გურმანებსაც გაუზიარა.
ჩირის დამზადება იზასთვის ჩვეულებრივი საოჯახო საქმიანობა იყო, თუმცა კურსის დასრულების შემდეგ, მან ამ მიმართლებით ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობები დაინახა. სამეწარმეო სკოლაში ნასწავლი არაერთი საკითხით, მათ შორის ციფრული მარკეტინგის, ბიზნესის და ფინანსების მართვის ტრენინგებზე შეძენილი ცოდნით, იზა ყოველდღე აძლიერებს საკუთარ საწარმოს და წინ მიიწევს.