გაიცანით 24 წლის ანა ენუქიძე, EDEC-ის გუნდის ახალი წევრი.
ანა ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში “ჯადოსნური სამყარო” პედაგოგის პოზიციაზე იმუშავებს.
მან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა და ამჟამად ივანე ჯავახიშვილის პროფესიულ კოლეჯში, პროგრამაზე ,,სკოლამდელი აღზრდა” სწავლობს. სულ ცოტა ხნის წინ, მიიღო მონაწილეობა მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაში და დღეს უკვე სრულუფლებიანი პედაგოგია.
ანა ჩართული იყო ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამაში (PITA). როგორც თავად აღნიშნავს, პროგრამაში მონაწილეობისას გააცნობიერა, თუ რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე და რამდენად მნიშვნელოვანია მიიღო განათლება, არა მხოლოდ საკუთარი თავის რეალიზებისთვის, არამედ სხვების დასახმარებლადაც. “პროგრამამ მომცა საშუალება რთულ ეპიდვითარებაში ჩემი მცირე წვლილი შემეტანა გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში: ვიცავდი ბავშვთა უფლებებს, შშმ პირთა უფლებებს და ვცდილობდი თანატოლებისთვის მიმეწოდებინა სანდო ინფორმაცია კორონავირუსის და ვაქცინაციის შესახებ. სწორედ ამ ორგანიზაციაში გატარებული დროის წყალობით გავხდი უფრო აქტიური, კომუნიკაბელური და შრომისუნარიანი,” – აღნიშნავს ახალგაზრდა.
კითხვაზე თუ რატომ აირჩია მასწავლებლის პროფესია, ანა ამგვარად გვპასუხობს: “ბავშვობიდან ვიცოდი რომ პედაგოგი უნდა გამოვსულიყავი. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში ჩემს მასწავლებლებს უკავშირდება, რომლებიც ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი და მისაბაძი ადამიანები არიან. ასევე, მინდოდა გამომესწორებინა ის ნიუანსები, რაც არ მომწონდა პედაგოგიურ საქმიანობაში. ცოდნის გადაცემის სურვილი მთავარი მოტივაციაა რატომაც გავხდი პედაგოგი. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშებთან მუშაობას, დარწმუნებული ვარ ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემი იქნება მათთან ცოდნის გაზიარება და იმაზე დაკვირვება თუ როგორ ვითარდებიან. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა მონაწლეობა მივიღო მათ გაძლიერებაში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.”
ანა თანატოლებს მოუწოდებს რომ არადროს გაჩერდნენ, მუდმივად იბრძოლონ განვითარებისთვის და არ შეაშინოთ ერთმა წარუმატებლობამ, რადგან ეს შეიძლება მათი მთავარი წარმატების საწინდარიც გახდეს. მისი აზრით უწყვეტი და მიზანმიმართული შრომა ყველა წინააღმდეგობას დაძლევს.