გახდი მოხალისე

EDEC–ი უკვე წლებია მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, მოხალისეობის კულტურის განვითარებისა და მოხალისეობრივ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს. ორგანიზაციის ინიციატივით, 2018 წელს შეიქმნა ორმხრივი მოხალისეობრივი პლატფორმა „დროის ბანკი“, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას ვირტუალურ სივრცეში.

მოხალისეობით თქვენ შეგიძლიათ:

  • თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენება
  • ახალი ინტერესის სფეროს გაჩენა
  • ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება
  • საკუთარი ინიციატივების განხორციელება
  • ახალი ადამიანების გაცნობა
  • პროფესიული გამოცდილების შეძენა

ქამრანის
საგანმანათლებლო ცენტრი

ქამრან აფანდიევის მოხალისეობრივი ამბავი ქართული ენის სწავლებას უკავშირდება. მან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარში, საკუთარი სახლის ავტოფარეხში თანასოფლელებისათვის საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა - პატარა სამკითხველოთი. სოფლის ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, სემინარებში და ისარგებლონ ბიბლიოთეკით. ქამრანი მეგობრებთან ერთად მოხალისეობრივად აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის ქართულ ზღაპრებს.

თბილი „კერა“ ცხოველებისთვის

ლევან ჩხაიძე ბათუმში ქუჩის ძაღლებისთვის ხის ფერად სახლებს ამზადებს და ქუჩებში დგამს. მან ეს საქმიანობა საკუთარი დანაზოგით, მოხალისეობრივად დაიწყო. ქუჩის ცხოველებისთვის გაკეთებულ ფერად სახლს ლევანი „კერას“ უწოდებს და ამ სახელწოდებით ფეისბუქზე გვერდიც შექმნა. ლევანს თანამოაზრეები უკვე ჰყავს, რომლებიც მზად არიან ცხოველების უფლებებისთვის და პირობების გაუმჯობესებისთვის ერთობლივად იბრძოლონ.

ცოდნის გაზიარება

ლიდა ალმასიანი ახალქალაქში ცხოვრობს. Მისი მოხალისეობრივი აქტივობები ეთნიკურად სომეხ თანატოლებს უკავშირდება. Საკუთარი ინიციატივით მათთვის საგანამათლებლო სემინარებსა და ინდივიდუალურ შეხვედრებს გეგმავს, სადაც მათ დემოკრატიის, თანასწორობის, ტოლერანტობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე ესაუბრება. ფიქრობს, რომ სტერეოტიპების დასანგრევად მძლავრი იარაღი ცოდნაა, ცოდნის გაზიარება კი - ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე.

გარემოზე ზრუნვა

აფხაზეთიდან დევნილი ნიკა ბართავა სამეგრელოში ტურისტული დანიშნულების ადგილებს საკუთარი ძალებით ასუფთავებს. ცდილობს დანაგვიანებული გარემო ხან მარტომ, ხან კი სხვების დახმარებით მოაწესრიგოს. გარემოს დამცველი მოხალისე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე და იქ არსებული ღირსშესანიშნაობების მონახულებაზე ოცნებობს. არ კარგავს იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მშობლიურ კუთხეში დაბრუნდება და ბუნებაზე ზრუნვას იქ გააგრძელებს.

სამყაროს ამბები

ფიქრია ბერიშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მოხალისეობრივად გაკვეთილებს უტარებს. დღის ცენტრების „ჯადოსნური სამყაროს“ და „იალონის“ აღსაზრდელებს პლატფორმა Zoom-ის საშუალებით პერიოდულად ხვდება და სამყაროს ამბებს აცნობს. ერთად მსჯელობენ პლანეტებზე, მზეზე, ვარსკვლავებზე, ქვეყნებსა და მსოფლიოს საოცრებებზე.
Skip to content