ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
2022 წელს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დააფუძნა ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის”, რომელიც EDEC- ის ყველა არსებულ სოციალურ სერვისს გადაიბარებს და მომავალში, თემის საჭიროებებზე დაფუძნებულ ახალ სერვისებსაც განავითარებს.
დღეს, საქართველოში სოციალური სერვისების ნაკლებობაა. მრავალფეროვანი და ხარისხიანი სერვისების განვითარება კი სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ძალისხმევის გაწევასა და სამოქალაქო სექტორის კომპეტენტური წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს.
EDEC- ის მიზნობრივი აუდიტორიისთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს სოციალური სერვისების დანერგვასა და მიწოდებაში. შეზღუდული შესაძლებლობლობის მქონე ბავშვებისთვის პირველი დღის ცენტრები სწორედ ორგანიზაციის მიერ დაარსდა ქუთაისში, სამტრედიასა და თერჯოლაში. მოგვიანებით სერვისი ხელმისაწვდომი გახდა სოფელ საგურამოსა და მის შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობისთვის. თუმცა, დღეს ორგანიზაციის საქმიანობები იმდენად მრავალმხრივი და მასშტაბურია, რომ დღის წესრიგში ფოკუსის დავიწროვების საკითხი დადგა.
Previous
Next
ჰაბიტატის მისია
ორგანიზაციის უმაღლესმა მენეჯმენტმა, ბავშვთა დაცვის პროგრამის ბაზაზე, მართებულად მიიჩნია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის” დაფუძნება, რომლის მისიაა : ბავშვთა და ზრდასრულთა თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაციისთვის, მხარი დაუჭიროს მათ სოციალურ და ეკონომიკურ ინკლუზიას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების განვითარებას.
ჰაბიტატი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ყველა არსებულ სერვისს გადაიბარებს, კერძოდ:
- დღის ცენტრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქუთაისში, სამტრედიაში, თერჯოლასა და სოფ. საგურამოში
- დღის ცენტრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულებისთვის სოფ. საგურამოში
- მეტყველების თერაპიის ცენტრებს ქუთაისსა და ზუგდიდში
2023 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა ცენტრები გაიხსნება ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც. მიმდინარე სევისების მიწოდების მაღალი ხარისხის შენარჩუნების პარალელურად ,,ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის“ მომავალშიც, სამიზნე ჯგუფებს არაერთ საინტერესო პროექტსა და საჭირო სერვისს შესთავაზებს.
თავად განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, რა თქმა უნდა გააგრძელებს საქმიანობებს სოციალური სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, გააძლიერებს საქმიანობებს ადვოკატირების, ლობირებისა და მონიტორინგის მიმართულებით.