სოციალური საწარმო - ფარშევანგი
ქვილინგის ტექნიკით დამზადებული მისალოცი ბარათები, სუვენირები და ინკლუზიური განათლების დამხმარე მასალები
სოციალური საწარმოს შესახებ:
ქვილინგის ტექნიკის გამოყენებით მრავალფეროვანი პროდუქციის საწარმო „ფარშევანგი“ 2014 წელს ქ. ქუთაისში დაფუძნდა. შემოქმედებითი მიდგომა საწარმოს გუნდის მთავარი მახასიათებელია, სწორედ ამიტომ პროდუქცია ყოველთვის გამოირჩევა ნათელი ფერებითა და საინტერესო დიზაინით.
სოციალური საწარმოს მისია:
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველი პირების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამუშაო ადგილების შექმნითა და დასაქმებით.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი:
საწარმო მომხმარებელს ქვილინგის ტექნიკით (ქვილინგის შემსწავლელი უფასო კურსების მეშვეობით, საწარმოში 59–მა პირმა შეისწავლა მისალოცი ბარათებისა და სუვენირების დამზადება) დაზადებულ პროდუქციას და ინკლუზიური განათლების დამხმარე მასალებს სთავაზობს, კერძოდ:
- მისალოცი ბარათები (საახალწლო, საქორწილო, საბავშვო, სხვადასხვა სადღესასწაულო);
- სასაჩუქრე ყუთები და მოსაწვევები;
- სუვენირები;
- განმავითარებელი სახელმძღვანელოები ინკლუზიური განათლებისთვის
- კორპორაციულ მომხმარებელს „ფარშევანგის“ გუნდი მათ მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქციას სთავაზობს.
სოციალური შედეგები:
საწარმოს 11 თანამშრომელი ჰყავს.
სოციალური საწარმო - იალონი
ეზოს და ბაღის მოვლის სერვისი
სოციალური საწარმოს შესახებ:
სოციალური საწარმო ,,იალონი“ შეიქმნა 2018 წელს სოფელ საგურამოში. ,,იალონი“ საგურამოსა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს სთავაზობს ეზოსა და ბაღის მოვლის სერვისს. საწარმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისა საშუალებას აძლევს. საწარმოს თანამშრომლებისთვის სასწავლო პროგრამასა და საწარმოს საქმიანობებში მონაწილეობა პროფესიული განათლებისა და დასაქმების პირველი გამოცდილებაა. ამასთანავე, დასაქმება, გარდა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა, მათთვის შრომა-თერაპიის როლს ასრულებს.
სოციალური საწარმოს მისია:
თანამედროვე შრომის ღია ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითრეალიზების შესაძლებლობების შექმნა, მათი და მათი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმისა და სტერეოტიპების მსხვრევა.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი:
საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასსა და გადახდის მოქნილ სისტემას. საწარმოს მრავალფეროვან მომსახურებას კიდევ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებლის საჭროებასა და სურვილზე მორგებული ინდივიდუალური სერვის პაკეტების მიწოდება.
- ეზოს, ბაღის მოვლა;
- გაზონის დაგება, მოვლა;
- ფართობის გათიბვა, გაწმენდა, დაბარვა, დახვნა;
- ბუჩქებისა და ხეების დეკორატიული გასხვლა და ფორმირება;
- ტალავერის გასხვლა;
- მცენარეების შეწამვლა;
- მცენარეების დარგვა და დათესვა;
- ხეხილის, ნარგავებისა და ნათესების მორწყვა;
- ხეხილის ჩამოკრეფა;
- სქელქერქიანი ხეების გასუფთავება და შეთეთრება;
- მცენარეების შეფუთვა;
დასუფთავება:
- ეზოს გაწმენდა ფოთლებისა და ნარჩენებისაგან;
- მოპირკეთებული ეზოს ქიმიური დასუფთავება;
- შეშის დამზადება და დასაწყობება;
- ნარჩენების დატვირთვა, გატანა;
- ეზოს გასუფთავება თოვლის საფარისგან.
სოციალური შედეგები:
საწარმოს პროფესიული მომზადების სრული კურსი რვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გაიარა და ოთხი მათგანი დასაქმდა.