სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარულმა 26 წლის ახალგაზრდა ვიზაჟისტმა ლიკა თურაზაშვილმა თინეიჯერული ჰობი დღეს უკვე პროფესიად აქცია. ლიკა დიდი ხანია ვიზაჟითაა გატაცებული, ყოველთვის უყვარდა და აინტერესებდა მაკიაჟის გაკეთების ტექნიკა. მისი მეგობრების ესთეტიურ სილამაზეზე ზრუნვა დიდი სიამოვნება იყო მისთვის, რაც შემდგომ უკვე მოტივაციაში გადაიზარდა და ამ საქმის პროფესიულ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა.
ლიკა დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული მონაწილეა. კურსის შესახებ მეგობრისგან გაიგო, შეავსო აპლიკაცია, შემდეგ წარმატებით გაიარა გასაუბრების ეტაპი და მონაწილეობა მიიღო პროგრამაში. ასე იქცა ლიკას თინეიჯერული ჰობი მის საყვარელ პროფესიად. პროგრამამ მისცა შესაძლებლობა მისთვის საინტერესო საქმე პროფესიონალურად აკეთოს.
„ვგიჟდები ამ საქმიანობაზე და გამიმართლა ამ პროექტში რომ მოვხვდი. რაც შეეხება ვიზაჟს, მომწონს როდესაც გოგონების სილამაზეზე ვზრუნავ და ჩემი ფუნჯებით მათი ნაკვთების სილამაზეს ვუსვამ ხაზს. ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ნიუანსი თვალის მაკიაჟის გაკეთება და ფერების სწორად დასმაა.“
სასწავლო კურსის დასრულებისთანავე ლიკა ქალაქ გორში მდებარე სილამაზის სალონში „ბიუთი არტ“ დასაქმდა. დღეს ის წარმატებული ვიზაჟისტია და მისი ფუნჯი უკვე პროფესიონალურად ხაზავს ყველა ფერს.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხადარდაჭერით ხორციელდება.